ფონდი კონსტანტა

ფონდი კონსტანტა - პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში დაარსდა 1997 წელს , როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი. მან მუშაობა დაიწყო დონორი ორგანიაციებიდან მიღებული სახსრებით. მისი თავდაპირველი დამფინანსებელი იყო ამერიკული ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები - Save the Children (SC) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი- UNHCR. 1999 წელს კონსტანტამ მიიღო დაფინანსება SC/USAID (ამერიკის მთავრობის განვითარების სააგენტოსგან) და მნიშვნელოვნად გააფართოვა ოპერაციები. კონსტანტამ განავითარა მიკროდაკრედიტების წარმატებული მოდელი, დააარსა რეგიონალური ფილიალები და გახდა მოწინავე მიკროსაფინანსო ორგანიზაია ქვეყნის მასშტაბით.
2001 წელს კონსტანტამ დანერგა მომსახურების ახალი მეთოდოლოგია, ჯგუფური სესხების გარდა შეიმუშავა სხვა ფინანსური პროდუქტები: ინდივიდუალური,სასოფლო–სამეურნეო და მცირე ტურიზმის განვითრებისათვის განკუთვნილი სესხები, რასაც შედეგად მოყვა მისი საქმიანობის სწრაფი გაფართოება. 2007 წლის ბოლოსთვის კონსტანტა იყო ძალიან კარგად განვითარებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რეგიონული ფილიალების ფართო ქსელით, მაღალგანვითარებული პოლიტიკითა და პროცედურებით, კარგად მოტივირებული და კვალიფიციური მმართველი გუნდით, მენეჯმენტითა და პერსონალით. ამ დროისათვის კონსტანტა იყო ერთ-ერთი მოწინავე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მასშტაბით.
კონსტანტა წარმატებით თანამშრომლობდა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ქსელებსა და გაერთიანებებთან, როგორებიცაა MBB (Micro Banking Bulletin) და MIX MARKET, SAVE THE CHILDREN–ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ქსელი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ცენტრი - MFC და მსოფლიოს ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ქსელის - MFN .
კონსტანტა წარმატებულად თანამშრომლობდა სხვადასხვა დონორ და საფინანსო ორგანიზაციებთან როგორებიცაა: Save The Children, UNHCR, USAID, CGAP , SHOREBANK ADVISORY SERVICES, British Petroleum – BP, CARE, Marcy Corps, Chemonics, EBRD, IFC, Oikocredit, Douche Bank, Simbiotics, ResponsAbility, Microvest, Incofin, Blueorchard, DWM, GMF, Calvert Foundation etc.
2007 წლის ბოლოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად (საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ) ,კონსტანტამ დააარსა კომერციული ორგანიზაცია „ბანკი კონსტანტა“, რომელმაც შემდგომში წარმატებით გააგრძელა ფონდის მიერ დაწყებული საქმიანობა საქართველოს საფინანსო სექტორში.
2007-დან 2011 წლამდე ბანკი კონსტანტა წარმატებულად ვითარდებოდა და დამსახურებულად იკავებდა ერთ-ერთ მოწინავე ადგილს მიკრო და მცირე ბიზნეზის დამფინანსებელთა შორის. ამ პერიოდში სხვადასხვა ინოვაციური მეთოდოლოგიის განვითარებით ბანკმა შეძლო მნიშვნელოვნად გაეფართოვებინა მომსახურების არეალი.
2011 წლის მარტში ბანკის აქციონერები და მათ შორის მთავარი აქციონერი - ფონდი კონსტანტა - სახელმწიფო მოხელეების უხეში ჩარევის შედეგად იძულებული გახდნენ გაესხვისებინათ ბანკის აქციები. ბანკი კონსტანტას მაჟორიტარი აქციონერი გახდა თიბისი ბანკი.
2011–დან 2015 წლამდე ბანკი კონსტანტა წარმატებით აგრძელებდა განვითარებას. 2014 წელს იგი 60 ფილიალით იყო წარმოდგენილი ქართულ საფინანსო ბაზარზე და საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდ დამფინანსებელს წარმოადგენდა როგორც მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის ასევე სასოფლო–სამეურნეო სექტორში. 2015 წლის იანვარში თიბისი ბანკმა განახორციელა ბანკი კონსტანტას შერწყმა.
დაარსებიდან კონსტანტა (ფონდი და ბანკი) მოემსახურა 900 000-ზე მეტ მცირე მეწარმეს და ფერმერს. კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში დაეხმარა 1900 –ზე მეტ თანამშრომელსა და 600–მდე სოფლის კონსულს.
2015 წლის იანვარში, ბანკი კონსტანტას თიბისი ბანკთან შერწყმის შემდეგ მმართველმა გუნდმა დატოვა ბანკი და განაგრძო მუშაობა ფონდ კონსტანტაში.
შედეგად, ფონდი კონსტანტას თავის უნიკალურ ისტორიასთან ერთად, ჰყავს ძლიერი, მაღლკვალიფიციური და კარგად მომზადებული მმართველი გუნდი და თანამშრომლები.
ამჟამად ფონდი კონსტანტა მზად არის გამოიყენოს როგორც ორგანიზაციული, ასევე მმართველი გუნდის და თანამშრომლების პირადი გამოცდილება ქვეყანაში მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მცირე და მიკრო მეწარმეების, ფერმერების და კოოპერატივების მხარდაჭერის გზით. იგი გეგმავს ამ სექტორისათვის სხვა მომსახურებასთან ერთად დანერგოს შესაბამისი თრეინინგები და კონსულტაციები, დაამუშაოს სპეციალური პროექტები მიკროსაფინანსო სექტორის მხარდასაჭერად.